19 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ ისე, რომ არავის მივცემთ საშუალებას რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს - პრემიერი​

"ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ ისე, რომ არავის მივცემთ საშუალებას რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების დღეს სამართალდამცავების სრული მობილიზება იქნება, რათა არავითარი ექსცესი ან პროვოკაცია არ მოხდეს.

"სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ, კონკურენტულ პირობებში. გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, საერთაშორისო პარტნიორების გასაგონად, რომ ჩვენი მთავარი ამბიცია არის, რომ რა თქმა უნდა ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები იყოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები.

ეს უნდა იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს. რა თქმა უნდა ჩვენ დავიცავთ არჩევნების დღეს, პოლიცია არის სრულად მობილიზებული, რომ არავითარი ექსცესი ან რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს.

ჩვენ გავავრცელეთ განცხადება არაერთგზის, რომ მოსალოდნელი არის გარკვეული პროვოკაციები ადგილობრივ სხვადასხვა უბნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ სრულ მობილიზებას ვაცხადებთ, პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ ისე, რომ არავის მივცემთ საშუალებას რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს.

მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ჩვენს მხარდამჭერებს ყველას მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, წევრებს, რომ ამ პროვოკაციას ვუპასუხოთ მშვიდად და მშვიდად დავასრულოთ არჩევნების დღე," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები