23 აპრილი 2024,   08:32
ვრცლად
"პენსია კი არ იზრდება, რეალურად, იკლებს" - ოპოზიცია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს

დღეს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობა იწყება. 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.

პროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი საფრთხეს უქმნის ლარის კურსის სტაბილურობას.

"ქვეყნის ბიუჯეტი კვლავ არის დეფიციტური. მაღალი დეფიციტი ნიშნავს სერიოზულ რისკებს ფასების სტაბილურობისა და ლარის სტაბილურობის კუთხით. ანუ ლარს ემუქრება გაუფასურება, ფასებს - ზრდა. ის, რომ თითქოსდა ხარჯებს ამცირებენ, ეს არის ტყუილი. რაც შეეხება პენსიის ზრდას 20 ლარით, ეს 20 ლარი უკვე შეჭამა ამ წლის ინფლაციამ. რეალურ მსყიდველობით უნარიანობაში პენსიები კი არ იზრდება, არამედ იკლებს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

კრიტიკას პასუხობენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი წლიდან წლამდე უმჯობესდება. 

"ყოველ წელიწადს ბიუჯეტი უმჯობესდება ყველა მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად იზრდება პენსიები და აქაც გათვალისწინებულია - 2022-ში პენსიების ზრდა, სოციალური მიმართულების გაუმჯობესება, ჯანდაცვის სფეროს, ინფრასტრუქტურული პროექტების და ა.შ.

რაც შეეხება ოპონენტების კრიტიკას - სამწუხაროდ, ჩვენი ვერცერთი საკითხი, მათ შორის, პოზიტიური, ვერ შევქმენით, რომ მათი მოწონება დაემსახურებინა. მაგრამ, მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოსწონს ის პოლიტიკა, მათ შორის, ფინანსური და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 2 ოქტომბერს,"- განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები