04 დეკემბერი 2021,   15:24
ვრცლად
მიწის ნაკვეთების უკანონოდ ჩამორთმევის 3 ფაქტი, რომელიც ანაკლიის პორტს უკავშირდება - პროკურატურა დაზარალებულებს კუთვნილ ქონებას დაუბრუნებს

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი სამი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.
სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ნინო წურწუმიას მიწის ნაკვეთი ფართობით 9086 კვ.მ, რევაზ კაკულიას მიწის ნაკვეთი ფართობით 8800 კვ.მ და სოფელ გურიფულში მდებარე რომანოზ ცხადაიას მიწის ნაკვეთები ფართობით 4901 კვ.მ.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების, ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლევან ნემსწვერიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" და მესამე მაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ამავე განაჩენით, ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნაირა ბერაძე, სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" და მესამე მაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით რაც ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. კერძოდ, ცაგერის გამგეობასა და შპს "ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის" დირექტორს, ლევან ნემსიწვერიძეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციას" უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის სანაცვლოდაც მას ჩაერიცხა 69 523 ლარი, გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი შესრულებული იყო 34 494 ლარის სამუშაოები. აღნიშნულის გამო, ლევან ნემსწვერიძეს წარედგინა ბრალდება 35 029 ლარის მითვისებაში, ხოლო ცაგერის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ნაირა ბერაძეს წარედგინა ბრალდება ამავე თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 
ხელაახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებითა და  ჩატარებული კომისიური საიჟინრო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ შპს "ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის" მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატებოდა ცაგერის გამგეობისგან მიღებულ თანხას და შეადგენდა 71 307 ლარს. ასევე დადასტურდა, რომ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. შესაბამისად გამოირიცხა ლევან ნემსწვერიძისა და ნაირა ბერაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობებით.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 433 პირი, რომელთაგან 309 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 540 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 108 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 89 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები