ახალი საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი, რომელიც თურქეთს უკავშირდება - ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 სახელმწიფოს ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დაავალა. მიზეზად ამ ელჩების განცხადება სახელდება, რომლითაც მათ 4 წლის წინ დაკავებული ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ამ სახელმწიფოების ელჩებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს "გარკვეული მითითებები მისცეს."
"ისინი იძახიან, "კავალა, კავალა". სოროსის თურქული ფილიალი, რომელსაც თქვენ "კავალას" ეძახით. მისთვის 10 ელჩი მოდის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს რა უხეშობაა? როგორ ფიქრობთ, ეს რა ადგილია? ეს არის თურქეთი, ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს თურქეთია, დიდებული თურქეთი. არ შეიძლება აქ ადგე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხვიდე და მითითებები გასცე. ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი საჭირო მითითებები. მე ვუთხარი, რა გაეკეთებინათ: ეს 10 ელჩი დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად, იმ დღეს, როდესაც ვერაფერს ვერ გაიგებენ, ამ ადგილის დატოვება მოუწევთ,"- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
საქმე ეხება გერმანიის, აშშ-ის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, კანადის, ნორვეგიის და ახალი ზელანდიის ელჩების ერთობლივ განცხადებას, სადაც ოსმან კავალას საქმის საეჭვო გარემოებებზე საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხსენებული საქმე ჩრდილს აყენებს თურქეთის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს.
ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი:
"ათი ელჩის გაძევება თურქეთის ხელისუფლების ავტორიტარული მიდრეკილების ნიშანია. ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. თავისუფლება ოსმან კავალას,"-წერს "ტვიტერზე" სასოლი.
ოსმან კავალა, რომელიც ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს აფინანსებდა, 2017 წლის ნოემბერში დააკავეს და მას ბრალად წაუყენეს 2013 წელს ე.წ. გეზის პარკის დემონსტრაციაში მონაწილეობა და ორგანიზება. 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა, იმავე დღესვე შეაბრუნეს საპატიმროში, ამჯერად, 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით.