19 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
რუსებმა, სავარაუდოდ, თურქეთში ხანძარი გააჩინეს - დაკავებულია 7 ტურისტი

თურქეთში ტყეში ხანძრის გაჩენის ბრალდებით რუსეთის 7 მოქალაქე დააკავეს. თავად რუსი ტურისტები ამბობენ, რომ ისინი უბრალოდ ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. ამის შესახებ როგორც თურქული, ასევე რუსული მედიაც წერს.

რუსების ჯგუფი ანტალიაში დააკავეს სანაპიროს გასწვრივ არსებულ "ლიკიას გზაზე" ლაშქრობის დროს. თურქი სამართალდამცველების ვერსიით, ტურისტებმა ტყე შემთხვევით დაწვეს. თავად რუსები კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი არ დაუნთიათ და პირიქით, მის ჩაქრობას ცდილობდნენ და სპეციალური სამსახურიც გამოიძახეს. ტურისტები, თავდაპირველად, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დააკავეს, შემდეგ კი პოლიციას გადასცეს.

რუსი ტურისტების განცხადებით, მათ სახელმწიფო ადვოკატები იცავენ, რომლებთანაც საკომუნიკაციო ენის პრობლემა აქვთ. რუსეთის შვიდივე მოქალაქე სასამართლომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მათ 2-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ცეცხლის ჩაქრობას ადგილზე ერთი სახანძრო თვითმფრინავის, 2 ვერტმფრენისა და რამდენიმე სხვა სახანძრო ტექნიკის გამოძახება დასჭირდა. ხანძარს შესაბამისი სამსახურები 2 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

დღის ამბები