საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე "Future of Tourism Word Summit" მაღალი დონის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის სწრაფ ტემპზე და მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა. მან ვრცლად მიმოიხილა "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში.
სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ. სამიტი 2 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობენ.
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მინისტერიალის პანელის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს წარმატების მაგალითზე, გავუზიარეთ გამოცდილება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებს თუ როგორ მოვახერხეთ კოვიდის პირობებში ტურიზმისა და ავიაციის სფეროს ასეთი სწრაფი ტემპით აღდგენა. ასევე ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებით იმ გამოწვევებზე, რომლებიც COVID-19-დან გამომდინარე დასაქმებას და გლობალურად ტურიზმისა და ავიაციის სფეროს შეეხო," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.