23 აპრილი 2024,   13:15
ვრცლად
ჩვენ ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მობილიზებული იქნება მეორე ტურისთვის - ზაალ უდუმაშვილი

2 დღე არჩევნებამდე - მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ტარდება.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილ გაერთიანებული ძალებით შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. მეორე ტურის წინ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებების შინაარსი კვლავ მწვავეა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ახლა მთავარია, ოპოზიციის ამომრჩევლებმა მაქსიმალურად იაქტიურონ და ასევე, მოხერხდეს მათი ხმების დაცვა საარჩევნო უბნებზე.

"ამისთვის ჩვენ ვიქნებით სრულად მობილიზებული ყველა უბანთან. დარწმუნებული ვართ ჩვენს გამარჯვებაში.

ჩვენმა მოსახლეობამ არჩევანი უკვე გააკეთა და ეს დაამტკიცა არჩევნების პირველ ტურში, როდესაც ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირა მხარი და ახლა ზუსტად ჩვენ ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. თითოეული ჩვენი თანამებრძოლი, ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი ახლა მაქსიმალურად მობილიზებული იქნება მეორე ტურისთვის," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე :

"მართალია, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ჩრდილოვან კაბინეტში და თანამდებობების გადანაწილებაში, მაგრამ არ ნიშნავს, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეთიშა იმ ბრძოლის მთავარ ხაზს, რომელიც გადის 30-ში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს კომისიის წევრებს, ყველამ მოიხადოს თავისი ვალი სამშობლოსა და საქართველოს წინაშე და ამასთან ერთად, არცერთი ხმა 41 ნომერს, ჩვენ ერთგული ვართ ამ დაპირების ყველგან, მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად ჩვენი საარჩევნო რიგითი ნომრისა - მაქსიმალურად მობილიზება!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პარტია "მოქალაქეებს", ლევან იოსელიანის თქმით, ის არცერთ კანდიდატს მხარს არ უჭერს.

"მივალ არჩევნებზე, ორივე კანდიდატს გადავხაზავ, თუ - არ მივალ არჩევნებზე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ ეს ტექნიკური საკითხია. აქ მთავარი არის, რომ როდესაც არ გაქვს არჩევანი, სამართლიანი და სწორია, რომ ეს არჩევანი არ გააკეთო იძულებით, ვიღაცის სასარგებლოდ.

ჩრდილოვან კაბინეტს ამ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ დავინახავდით იქ, რეალურად, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს და არა მხოლოდ იმ პარტიების, ვინც მთელი ეს პერიოდი, მოყოლებული 2020-ის არჩევნებიდან, ისედაც ერთ აზრზე იყვნენ. არ მიმაჩნია ეს ჩრდილოვანი კაბინეტი სერიოზულ ამბად, ვთვლი, რომ ჯერ უნდა მოიგო არჩევნები და ასეთი კონსულტაციები მერე დაიწყო," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები