19 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
საფრანგეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 27 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბავშვები და ორსული ქალიც იყვნენ

საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას 27 ადამიანის, მათ შორის - ორსული ქალისა და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩენილი მხოლოდ 2 ადამიანია. ინციდენტის შესახებ პირველად მეთევზეთა ნავზე შეიტყვეს, საიდანაც ზღვაში ადამიანები შენიშნეს. საჰაერო და საზღვაო სამაშველო ოპერაციებში საფრანგეთი და ბრიტანეთი ერთიანი ძალებით ჩაებნენ.

მიგრანტები საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთისაკენ გადაადგილდებოდნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ლა მანშის სრუტეში მომხდარ ტრაგედიას ყველაზე მასშტაბური უწოდა. საჰაერო და საზღვაო სამაშველო ოპერაციაში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოს ძალები ჩაერთნენ.

ამ ეტაპზე, მაშველებმა მხოლოდ 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მომხდარიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის საგანგებო შეთანხმება შედგა.

ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი, ერთობლივი ძალებით იმ კრიმინალების წინააღმდეგ საბრძოლველად შეთანხმდნენ, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის უკანონო კვეთის ორგანიზებაში ეხმარებიან.

ამ დროისთვის, საქმეზე ტრეფიკინგის ბრალდებით, 5 პირია დაკავებული.

"ევროპა დღეს გლოვობს" - ასე გამოეხმაურა მიგრანტების დაღუპვის ტრაგიკულ ფაქტს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

"დრამატული ფაქტი მოხდა. წყალზე ცხედრები ტივტივებდნენ. სამწუხაროდ, მათ შორის ორსული ქალი და ახალგაზრდა ბიჭიც იყო. ეს ძალიან შოკისმომგვრელი ფაქტია,"- აცხადებს სამაშველო ასოციაციის რეგიონალური მენეჯერი, ჩარლზ დევოსი .

ტრაგედიის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ნავი ზღვის გადასაკვეთად არ იყო გათვლილი.

თანამშრომლობის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო საფრანგეთს 62 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს, რათა სანაპირო ზოლზე პოლიციის პატრულირება და საჰაერო მეთვალყურეობა გაიზარდოს.

"ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საშინელ სიტუაციაზე, არიან კონტრაბანდისტები, კრიმინალები, რომლებიც რამდენიმე ათასი ევროსთვის აორგანიზებენ ტრეფიკინგს ერაყიდან, ავღანეთიდან, აფრიკასა და აზიიდან,"- განაცხადა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

"ეს კატასტროფა აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა არხის ამ გზით გადაკვეთა. ასევე, აჩვენებს თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები განგსტერთა ბიზნეს მოდელის წინააღმდეგ, რომლებიც აგზავნიან ადამიანებს ზღვიდან ამ გზით,"- ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ტრაგედიასთან. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ღამით, ასეთივე 25 ნავი გაემართა საფრანგეთიდან გაერთიანებული სამეფოსკენ. აზიიდან და აფრიკიდან წამოსული მიგრანტები, უკეთესი ცხოვრების საძიებლად, წლებია, საფრანგეთიდან ბრიტანეთში სრუტის მეშვეობით გადასვლას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე რეალურია და სრუტეში გარდაცვალების შემთხვევები ხშირი. მიგრანტები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დანებებას მაინც არ აპირებენ. 

დღის ამბები