18 აპრილი 2024,   11:24
ვრცლად
"იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" მშვიდობიანობის ფარგლებს არ გასცდება, თორემ ამას "ოცნება" ხელზე დაიხვევს - გიორგი ვაშაძე

ოპოზიციონერი დეპუტატები "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებენ თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან აქციაზე, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან იმართება.

"მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფაქტს "ქართული ოცნება" სათავისოდ გამოიყენებს. 

"იმედი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეასრულებს სიტყვას და ეს აქცია არ გადაიზრდება რაღაცა ტიპის ძალადობაში და ა.შ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი წარიმართოს კანონის ჩარჩოში და ამან არ გამოიწვიოს დამატებითი ესკალაცია, არ მისცეს ხელისუფლებას კიდევ მეტი არგუმენტი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დახურულად წარიმართოს,"-აცხადებს ლევან იოსელიანი. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფორმას არ გასცდება. 

"მშვიდობიანი პროტესტის უფლება  აქვს ყველას - იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ისე, რომ ამ მშვიდობიანობის ფარგლებს არ გასცდება, რამე განსაკუთრებული არ მოხდება, რასაც მერე, უნდა გვესმოდეს, რომ დაიხვევს ხელზე "ქართული ოცნება" და ისევ შემოგვიტრიალებს ამას როგორც კონტრარგუმენტს, ამიტომ, შეიძლება პატარა ექსცესები იყო, ამ პირველი შეკრების დროს, მაგრამ ახლა რასაც ვხედავ, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები; პარალელურად, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს

დღის ამბები