25 იანვარი 2022,   20:36
ვრცლად
მოკლული ანასტასია შატალოვას დედა და ადვოკატი საქმეში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის შესაძლო ბრალეულობაზე საუბრობენ და მკვლელობის დამკვეთის გამოვლენას ითხოვენ

ანასტასია შატალოვას დედა და ადვოკატი, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმის დამკვეთის დასჯას ითხოვენ. ოჯახი და მათი უფლებადამცველი ფიქრობენ, რომ დაკავებულები მხოლოდ შემსრულებლები არიან და დანაშაულის უკან სხვა პიროვნება დგას.

ანასტასია შატალოვას ოაჯახის ადვოკატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ წარადგინეს ფაქტები, რომელიც დაკავშირებული იყო საეჭვო მანქანებთან. მისივე თქმით, ოჯახის მიზანი არა მხოლოდ უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულის დასჯა, არამედ მკვლელობის დამკვეთის დასჯაც არის. 

"მე მივაწოდე გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის ის მასალები, რომლებიც უკავშირდება ზურაბ ბერიძის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებს, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე დაწყებულია წარმოება და ბერიძე ბრალდებულია,“- განაცხადა პაატა შავაძემ.

მოკლულის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმესთან შემხებლობა ჰქონდეს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, რომელთანაც შატალოვას საერთო შვილი ჰყავს.

"მე არ ვიცი რა შეიძლება გამხდარიყო მკვლელობის მიზანი, თუმცა ზურაბი ხშირად ურეკავდა ანასტასიას. განხილვის მიზანი იყო, რომ ბავშვი არ წაეყვანა. მახსოვს, რომ ანასტასია ბოლო პერიოდში მეუბნებოდა, რომ ის სახლიდანაც ხშირად არ გადიოდა. არ მქონია მოლოდინი, რომ რაიმე ცუდი მოხდებოდა, მას მტრები არ ჰყოლია, ვფიქრობ ზურაბი ამ საქმეში ფიგურირებს, რადგან მის წინააღმდეგ ბევრი ფაქტია, კონკრეტულად ამ მომენტისთვის მან მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მათ შორის ბავშვიც,“- აცხადებს ანასტასია შატალოვას დედა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ანასტასია შატალოვა გაზაფხულის ქუჩაზე 17 ოქტომბერს გვიან ღამით მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები