23 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი - უმრავლესობა ოპოზიციას შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებს 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ულტიმატუმი, რომ პირველი მოსმენისას დამტკიცებულ კანონპროექტში ძირეული ცვლილებები აღარ უნდა განხორციელდეს, მართველი გუნდისთვის მიუღებელია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტზე მსჯელობისას ოპოზიციური პარტიების ჩართულობა და ცვლილებების კონსესუსით მიღება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ოპოზიციის მიდგომას არასწორს და არაკონსტრუქციულს უწოდებს. 

"რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ იქნა მიღებული იმავე ფორმულირებით, როგორითაც პირველი მოსმენით იყო ეს ცვლილებები ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომაა, არაკონსტრუქციული. გარკვეულ წილად, შანტაჟის ენაა და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს," - აცხადებს გივი მიქანაძე. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და პარტიები ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ. 

"საპარლამენტო ოპოზიციაში მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წევრებმა მინიმუმ იმუშაონ მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, რომლის შემდგომაც რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციის შესაბამის პარტიებთან. იცით, რომ მინიმუმ 30 ხმა გვჭირდება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციაში ცვლილება და გამომდინარე აქედან, საპარლამენტო ოპოზიცია და პარტიები ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2024 წლიდან ბარიერის დაწევას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. 

დღის ამბები