მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 263 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება. სახელმწიფოების შეშფოთებას "ომიკრონის" შტამი იწვევს, რის გამოც ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ. ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, რის გამოც თეთრი სახლი ახალი რეგულაციების დაწესების საკითხს განიხილავს. მოგზაურებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, ქვეყანაში ვიზიტორთა მსურველთათვის კი ტესტირების გამკაცრება იგეგმება. საზღვარზე შეზღუდვებს ამკაცრებს ინდონეზიაც.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი შტამის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს და უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებას მეცნიერები უახლოეს დღეებში შეძლებენ. არავაქცინირებულ და რისკჯგუფში შემავალ პირებს კი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.