22 იანვარი 2022,   22:35
ვრცლად
შანტაჟის ენა რუსეთის მხრიდან - სერგეი ლავროვის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე ქართველი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მათი განმარტებით, ეს რუსეთის ავანტურისტული პოლიტიკაა, როდესაც შანტაჟის ენით ცდილობს საუბარს.

სერგეი ლავროვმა "რუსთავის 2-ის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

"არ არის ახალი, რომ რუსეთს და კრემლს ყველაზე მეტად თუ რამე არ უნდა, არ უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ NATO-ს წევრი, მაგრამ ზუსტად იცის კრემლმა, რომ ჩვენ ვერასდროს გავხდებით NATO-ს წევრი თუ არ განვახორციელეთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები და რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

"ლელოს" წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ რუსეთის ამგვარი განცხადებები სიახლე არაა, თუმცა საქართველომ თავის მიზნისკენ სწრაფვა არ უნდა შეაჩეროს. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა და ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება.

ლავროვის სხვაგვარი განცხადებების მოლოდინი არ ჰქონია არც მმართველი პარტიის წევრ მიხეილ სარჯველაძეს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეალური შიშის საფუძველი არ არსებობს ვინაიდან ცივილიზებული მსოფლიო ამგვარ ულტიმატუმს არ წამოეგება და ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნება.

"მიუხედავად ამისა ეს დისონანს ვერ შეიტანს იმ გეგმებში რომელიც საქართველოს აქვს, არა მგონია თანამედროვე მსოფლიოს განწყობები იყოს ისეთი, რომ ამ ტიპის შანტაჟს დამორჩილდეს და ამან რამენაირი უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს პერსპექტივებზე ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები