22 იანვარი 2022,   22:00
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს მართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს მართავს. ამის პარალელურად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა აცხადებენ, რომ სრულად პროპორციულ სისტემას მხარს უჭერენ და იმავეს მოითხოვენ "ქართული ოცნებისგანაც".

"ველოდებით, რომ "ქართული ოცნება" თავის დაპირებას შეასრულებს და ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებას და ქვეყანას ექნება ისეთი საარჩევნო სისტემა სადაც არის სრულად პროპორციული და დაბალპროცენტიანი ბარიერი. ჩვენ ამას ველოდებით და მხარს ვუჭერთ და ეს არის ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.

"ლელო" კონსულტაციებში აქტიურადაა ჩართული და პარტიაში აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებისთვის ახალი ხედვის წარდგენას აპირებს.

"გვაქვს კონსულტაციები და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ძალიან მალე საზოგადოებას ერთიანი ახალი ხედვა წარვუდგინოთ იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა ფორმით და რა პრიორიტეტული დღის წესრიგით გაგრძელდება ჩვენი ოპოზიციური ძალისხმევა. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ახალი წესებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც გააჩნია ოპოზიციას," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

"გირჩში"კი ხაზს უსვამენ, რომ მზად არიან ნებისმიერ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან დიალოგისათვის.

"ყველგან სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე განხილვა იქნება, ჩვენ მიგვესვლება ან დაგვიძახებენ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივალთ და ვეცდებით დავარწმუნოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მართლაც ის წარმომადგენლობითობა დგებოდეს ხოლმე არჩევნების შემდეგ, რაც ქართველ ერს უნდა. დაბალი ბარიერი და სრულად პროპორციული ამის გარანტიაა," - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები