საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა იმართება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით - გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შედგა.
კომიტეტი შედგება სამინისტროების და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების წარმომადგენლებისგან. საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობისა და მონაწილეობის მიზნით კომიტეტთან ასევე შეიქმნება შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭო. კომიტეტზე ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. პრემიერის თქმით, მუშაობა შშმ პირთა უფლებების დასაცავად აქტიურად მიმდინარეობს და იზრდება როგორც ფინანსური მხარე, ასევე ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები.