27 იანვარი 2022,   03:38
ვრცლად
2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია.

ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ გამოძიება დაიწყება.

"მე ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა "საბჭოთა კავშირმა" არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები ამ დარბაზში არსებობენ, გაჩვენებთ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის მანძილზე ერთი და იგივე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს კავშირი და არც რაიმე სხვა ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან.

ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. ჩეხეთის საელჩო იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ეს ექსპონატები დააბრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. დანარჩენ საელჩოებს მეც და ჩემი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვმუშაობთ, რომ ეს ექსპონატები ეროვნულ გალერეაში და ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდეს. იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება," - განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები