შევა თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რის შემდეგაც გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.
"ის, რომ ისინი არ აპირებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, მაშინვე იყო ნათელი, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმება დატოვეს. ვფიქრობ, ახლა თუ მათზე საერთაშორისო პარტნიორებმა და საქართველოს მოსახლეობას საკმარისი წნეხი არ განახორციელა, ძალიან კლასიკურ დიქტატურას მივიღებთ.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ვაგრძელებთ კონსულტაციებს. კვირის ბოლოს რაღაც შედეგი გვექნება," - აღნიშნა ენმ-ის წევრმა, ნონა მამულაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსიამ პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.
"საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. მხარს ვუჭერთ 2%-იან ბარიერს და არ დავუჭერთ არანაირად უფრო მაღალ ბარიერს. მთავარია, რომ ბარიერი დაწეული იყოს და შემდეგი არჩევნები დაბალი ბარიერით ჩატარდეს," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.