23 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი" და სალომე სამადაშვილი პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ

"სტრატეგია აღმაშენებელი" და მათთან ერთად დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის წესის გამარტივებას ითხოვენ. რეგლამენტის შესახებ ცვლილებები ოპოზიციამ უკვე დააინიცირა, რომლის მიხედვითაც ჯგუფის შექმნა ორ დეპუტატსაც შეეძლება და ისარგებლებს იმავე უფლებებით, რაც ფრაქციას გააჩნია.

პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის წასვლის შედეგად, ორი ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.

"ჩვენ თუ დავრეგისტრირდებით როგორც ჯგუფი საპარლამენტო და ის არ იქნება შეზღუდული მხოლოდ იმ საპარლამენტო სიით, რომლითაც შევედით პარტიაში და შესაძლებლობა გვექნება სხვა ხალხის მიღებაც ამ ჯგუფში, ჩვენ გვექნება უფრო მეტი დრო და უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლემიკაში შევიდეთ "ქართულ ოცნებასთან". ეს არ არის ჩვენი კომფორტისთვის, გვჭირდება საპარლამენტო ტრიბუნის და საპარლამენტო პროცედურების ბოლომდე გამოყენებისთვის," - აცხადებს პარლამენტის წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მხოლოდ მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტენ დაუჭირონ თუ არა მხარი ინიციატივას. 

"ოპოზიციიდან არის დაინიცირებული ცვლილებები რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებსაც შეეძლებათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. ბიუროს მეშვეობით ეს დაეწერება შესაბამისს კომიტეტს და გამომდინარე აქედან ჩვენ ბუნებრივია გვექნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. თავად ეს საკითხი, შეთანხმების საგანი არის პოლიტიკური და გამომდინარე აქედან, ჩვენ გვექნება კონსულტაციები და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით," - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები