24 იანვარი 2022,   17:14
ვრცლად
ონლაინკაზინოებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილი პოპულისტურს უწოდებს, "ოცნებაში" კი ინიციატივის დადებით მხარეებზე საუბრობენ

ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირებას მთავრობა პარლამენტში მიმდინარე კვირას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

"გირჩში" სიახლეს პოპულისტურად მიიჩნევენ, და ამბობენ, რომ ეს ლუდომანიის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

"იდეა არის კაზინოების მფლობელების ლობიზმის შედეგი, რომლებიც ცდილობენ შეზღუდონ კონკურენტები მთავრობის და პარლამენტის მეშვეობით, ისინი შედეგად იმას მიაღწევენ, რომ რამდენიმე ონლაინკაზინო რომელიც ლეგალურად მუშაობს, სხვა ქვეყანაში გადაბარგდეს და ამით სამუშაო ადგილები და ინვესტიციები  დააკლდეს ქვეყანას, ხოლო მოთამაშეებისთვის არაფერი იცვლება," - ამბობს "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

"ქართულ ოცნებაში" კი კიდევ ერთხელ საუბრობენ ინიციატივის დადებით მხარეებზე.

"ყველას ეხება, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება თუ არამხარდამჭერი, ეს არის მცდელობა მთავრობის მხრიდან, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს წვდომა ჩვენი 25 წლამდე ასაკის მოქალაქეების და მეორე - შევამციროთ ვალუტის გადინება ქვეყნიდან.

კიდევ არის რეგულაციები, რომლების საშუალებით შევძლებთ, რომ 25 წლამდე ასაკის მოქალაქეები შევზღუდოთ არამხოლოდ ონლაინკაზინოებში, არამედ საზღვარგარეთაც," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები