22 იანვარი 2022,   20:47
ვრცლად
სააკაშვილის მიერ სამედიცინო პროცედურების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ვერნიკეს დაავადების გაუარესება - ნიკოლოზ ყიფშიძე

ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობაზე ისევ უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან ღამით დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით მას ექსპრეზიდენტი ემოციურ მდგომარეობაში დახვდა, ამის მიზეზად გლდანის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ვიზიტი დაასახელა.

"მან უარი თქვა ამ კონსილიუმის მიღებაზე ალტერნატივას გარდა, და საერთოდ, ყველა მკურნალობაზე. სამედიცინო პროცედურების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ვერნიკეს დაავადების გაუარესება პირველ რიგში. ეს არ არის კარგი," - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას მსჯავრდებული პრეზიდენტის წერილი გააცნო. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მის მიმართ იგეგმება დისციპლინური ღონისძიებების განხორციელება, რითიც მას აეკრძალება მნახველების მიღება და ტელევიზორის ყურება. პროტესტის ნიშნად ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს კონსილიუმის მიღებაზე.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური უარყოფს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

დღის ამბები