26 იანვარი 2022,   09:18
ვრცლად
შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული მამა - "კურიერმა" გაარკვია, რომ საქმეზე, ასევე, დააკავეს მამაკაცი, რომელიც მისი უფროსი შვილის შეყვარებული იყო

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების ბებია "კურიერს" შემზარავი დანაშაულის დეტალებს უყვება. ქალი ამბობს, რომ 9 და 12 წლის დებზე მამა ხშირად ძალადობდა. 40 წლამდე მამაკაცი პოლიციამ, გასულ კვირას, შვილების გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრა.

"მამობა ჩამოართვესო და [ბავშვები] თავშესაფარში გადაიყვანესო. დაიჭირესო და ტელეფონები წაართვეს ჩემს გოგოსაც," - ჰყვება ბავშვების ბებია. 

დამნაშავის კვალზე გამოძიება დედის შეტყობინების საფუძველზე გავიდა. "კურიერთან" ინტერვიუში ბავშვების დედა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. მამაკაცი, რომელიც მისი უფროსი შვილის შეყვარებული იყო, ასევე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"თვითონ აღიარეს, ბავშვებმა, ორივემ, რომ მამა ძალადობდა ბავშვებზე. მე რომ პოლიცია გამოვიძახე, მაშინ გავიგე მის შეყვარებულზეც და მის მამაზეც, მანამდე მე არაფერი ვიცოდი საერთოდ. ჩემი მთავარი მოთხოვნაა მამამისს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, ყველაზე უმძიმეს პირობებში," - ამბობს ბავშვების დედა. 

ბავშვების დედის ოჯახში კურიერს უყვებიან, რომ 40 წლამდე მამაკაცი ცოლზეც სისტემატიურად ძალადობდა და მას ფიზიკურად უსწორდებოდა. ბოლოს კაცი საცხოვრებლად სხვა ქალაქში, ნაქირავებ ბინაში გადავიდა და თან არასრულწლოვანი შვილებიც წაიყვანა. გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ ამ ბინაში, დაშინების და ზეწოლის გზით ხდებოდა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა. დანაშაულის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს. დაკითხეს არაერთი მოწმე და ამოიღეს მტკიცებულებები.

ბინის პატრონი, სადაც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, ამბობს, რომ მომხდარით გაოგნებულია, რადგან მათზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა:

"ძალიან შოკირებული ვარ, დაუჯერებელია ჩემთვის, მაგრამ ასეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, სამწუხაროდ. 

პირველში გადმოვიდა, 11-ში მოხდა ეს ამბავი და 11-ში გადაიყვანეს თვითონაც და ბავშვები სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს. მეუღლეს დაშორებული იყო და თვითონ ზრდიდა ბავშვებს. შევდიოდი, ბავშვები თბილად ექცეოდნენ მამას და მამაც ბავშვებს, თბილი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ," - ამბობს ბინის პატრონი.  

"რუსთავი 2" შემზარავ დანაშაულში მხილებული მამაკაცის მშობლებსაც ესაუბრა. ბრალდებულის მამამ დანაშაულის დეტალები "კურიერისგან" შეიტყო.

"გაოცებული ვარ, თქვენგან გავიგე, სხვას არავის არაფერი უთქვამს. მითხრეს, ჩხუბი მოუვიდაო და ჩხუბის ამბავზეა დაკავებულიო. 

ბავშვები მე გავზარდე, ჩემთან იყვნენ, უფროსი სულ ჩემთან იყო... სამშობიაროდან გამოყვანის დღიდან მე გავზარდე. მეორესაც ხან წაიყვანდნენ, ხან ჩემთან იყო," - ჰყვება ბავშვების პაპა. 

ბრალდებული მამაკაცის მიმართ გამოძიება არასრულწლოვნების გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში მას 11-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ელის. მანამდე კი მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები