20 აპრილი 2024,   11:34
ვრცლად
ყაზახეთში მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა - პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დასახელდა.

იქამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქალაქ ალმათდსა და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი” დაწესდა, ასევე, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

"ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ. გამოიჩინეთ წინდახედულობა და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან, ასევე, მიტინგების ეიფორიას. სამოქალაქო და სამხედრო ოფისებზე თავდასხმის მოწოდებები სრულიად უკანონოა. ეს არის დანაშაული, რომელიც შეიძლება დაისაჯოს. მთავრობა არ დაემხობა, მაგრამ ჩვენ გვსურს ორმხრივი ნდობა და დიალოგი, არა კონფლიქტი,"-განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყაზახეთის მანგისტაუს რეგიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. დემონსტრანტები თხევადი ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებდნენ. პროტესტმა განსაკუთრებულად მწვავე სახე მიიღო ქალაქ ალმატიში. 4 იანვრის საღამოს, ქალაქის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს, გამოყენებული იყო ცრემლსადენი აირი, კვამლის ყუმბარები და რეზინის ტყვიები. დააკავეს ათობით პირი. 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის რამდენიმე მანქანა, დიდ ქალაქებში შეკრებილი დემონსტრანტები შეშას, საკვებსა და წყალს იმარაგებდნენ. ხელისუფლებამ გაზის ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი, საბოლოოდ, უკვე ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შეზღუდულია მობილური და ინტერნეტკავშირი, რამდენიმე სოციალური ქსელი კი დროებით დაიბლოკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები