16 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
"ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვებს აწესებენ

"ომიკრონის" გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვებს აწესებენ. ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ქვეყნის სხვადახვა შტატში იხურება სკოლები და უქმდება ავიარეისები.

საფრანგეთში კი, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტი სავალდებულო კოვიდ პასპორტების მოთხოვნის გამკაცრებაზე მსჯელობს.

ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა მედპერსონალის დანაკლისს განიცდის. შეერთებულ შტატებში კი კოვიდ შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდი მოხსნა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"როგორც იცით სრულად ვაქცინირებულები და ბუსტერ დოზიანებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, თუმცა ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ ამან სერიოზული ავადმყოფობა გამოიწვიოს. თუ ვაქცინა და ბუსტერი გაიკეთეთ, თქვენ ძალიან დაცული ხართ. ამერიკაში 35 მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ჩვენ ხელთ გვაქვს საკმარისი ვაქცინები, რომ ყველა ამერიკელი სრულად აიცრას , მათ შორის ბუსტერითაც. არ არსებობს აუცრელობის რაიმე გამართლება. ეს კვლავ არავაქცინირებულთა პანდემიაა,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.

რაც შეეხება ინდოეთს, აქ ვირუსის მესამე ტალღას ებრძვიან. "ომიკრონმა" ქვეყანაში შემთხვევების 4-ჯერ მატება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ჩინეთში კი ახალი კოვიდკლასტერების აღმოჩენის გამო, ქალაქ სიანის ლოკდაუნის შემდეგ, სხვა ქალაქებშიც არ გამორიცხავენ შეზღუდვების დაწესებას.

შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით იაპონიამ კუნძულ ოკინავაზე შესაძლებელია საგანგებო ზომები მიიღოს. რიო დე ჟანეიროში კი ყოველწლიური კარნავალი გაუქმდა.

დღის ამბები