25 ივნისი 2022,   12:29
ვრცლად
ყაზახეთში არეულობა გრძელდება - ალმატიში მომიტინგეებმა ქალაქის სამთავრობო შენობები დაიკავეს

ყაზახეთში არეულობა გრძელდება. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქში – ალმატიში მომიტინგეებმა ქალაქის სამთავრობო შენობები დაიკავეს, გააჩინეს ცეცხლი - პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს. ისმის სროლის ხმაც.

დემონსტრანტები გაჩერებას არ აპირებენ, ამბობენ რომ პრეზიდენტის დაპირების არ სჯერათ და პირადად კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადადგომას ითხოვენ.

მასობრივი არეულობა ყაზახეთში თხევადი გაზის გაძვირებამ გამოიწვია.

"მოგიწოდებთ ყველას, რომ იყოთ აღშფოთებულები, დიახ, ყველა გაბრაზდით, თქვენც პოლიციელებო, არ შეგეშინდეთ, რადგან ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი სამშობლოცაა. თქვენმა შვილებმა აქ უნდა იცხოვრონ," - აცხადებდა აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შენობაში შეჭრილმა პირებმა ნივთების ნაწილი დააზიანეს ნაწილი კი თან წაიღეს:

"შენობაში შემოჭრილ ადამიანებს ხელში ეჭირათ რკინის ხელკეტები და სხვა ნივთები, ექვსი სართული მთლიანად დაარბიეს, ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს შენობის კარი, ტექნიკა, დოკუმენტები ქუჩაში გადაყარეს, კომპიუტერები და ლეპტოპები კი თან წაიღეს," -  აცხადებს ქალაქ შიმკენტში ყაზახეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის პირველი მოადგილე შინგის მუხანი.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყველა ის თანამდებობა დატოვა, რომელიც მას ამ დრომდე ეკავა, მათ შორის თავისი პოსტი ყაზახეთის უშიშროების საბჭოშიც. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში არეულობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეების მკაცრად დასჯის პირობას დებს:

"რაც არ უნდა მოხდეს, მე ვიქნები დედაქალაქში და არ დავტოვებ მას .ყაზახეთის ხელისუფლება იმოქმდებს რაც შეიძლება მკაცრად დამნაშავეებთან მიმართებაში. არეულობა უნდა დასრულდეს. რა დროსაც დაიღუპნენ სამართალდამცავები. დღეიდან ყაზახეთის უშიშროების საბჭოს ვუხელმძღვანელებ," - განაცხადა ტოკაევმა.

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება

"როგორც ეუთოს თავმჯდომარე, მე ყურადღებით ვაკვირდები ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა არასოდეს არის სწორი პასუხი არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. მე მოვუწოდებ სიტუაციის დეესკალაციისკენ და დიალოგის დაწყებას ეუთო-ს ვალდებულებების სრული პატივისცემით," - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ.

რუსეთში კი აცხადებენ, რომ ყაზახეთმა საკუთარი პრობლემები თავად უნდა გადაჭრას და გარედან არავინ ჩაერიოს:

"ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას მოძმე მეზობელ ქვეყანაში. ყაზახეთს თავად შეუძლია საკუთარი პრობლემების გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს გარედან. მხარს ვუჭერთ ყველა პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში . ეს უნდა მოხდეს დიალოგის სახით, არა ქუჩის ამბოხებისა და კანონის დარღვევით," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

დღის ამბები