არეულობის მეექვსე დღე ყაზახეთში. ქალაქში დაპირისპირება გრძელდება. ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან კვლავ დიდი რიგებია, მაღაზიებში პურის რაოდენობა შეზღუდულია. ადგილობრივ მცხოვრებლებს საკვები პროდუქტები უმთავრდებათ.
საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულთა რიცხვი 4 000-ს აჭარბებს, დაშავებულია ათასობით ადამიანი. შეტაკებებს ათობით პირი ემსხვერპლა. წინასწარი შეფასებით, ამ დროისთვის, არეულობების შედეგად, ყაზახეთისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 203 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
პარალელურად, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ლიდერების მხრიდან კვლავ ყურადღების ცენტრშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს მოკავშირეები და ნატო ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
"ნატოს მოკავშირეები და ნატო ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს ყაზახეთში არსებულ სიტუაციას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ვწუხვართ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალადობის დასრულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ბევრმა მოკავშირემ თქვა. საჭიროა რომ დასრულდეს ძალადობა და ადამიანის უფლებები იყოს დაცული," - ამბობს იენს სტოლტენბერგი.
ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ის ამბობს, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას შესწევს უნარი, თავად გაართვას თავი საპროტესტო გამოსვლებს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებს შეკითხვები აქვს ყაზახეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართ თხოვნაზე, დაეხმარონ მას საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავებაში. ყაზახეთში უკანასკნელ დღეებში მომხდარ არეულობებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ყაზახეთის ხელისუფლებას ნამდვილად შესწევს უნარი, თავად გაართვას თავი საპროტესტო გამოსვლებს. ისე, რომ პატივი სცეს დემონსტრანტთა უფლებებს და ამავე დროს, დაიცვას კანონი და წესრიგი. ამიტომ, არ არის ნათელი, რატომ მიაჩნიათ რომ აუცილებელია გარეშე დახმარება,“ - ამბობს ენტონი ბლინკენი.