04 ივლისი 2022,   03:29
ვრცლად
ყაზახეთში შეტაკებების შედეგად 164 ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება

ყაზახეთში საპროტესტო შეტაკებების შედეგად 164 ადამიანი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ რიცხვებზე გაცილებით მეტია.

დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები - ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დემონსტრაციები თხევად გაზზე ფასების ზრდამ გამოიწვია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდგომ შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში 2 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისა და ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მისამართით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

გასულ კვირას ყაზახეთში ვითარების განსამუხტად სხვადასხვა ქვეყნის ჯარები შევიდნენ, მათ შორის რუსეთის.

პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარება ქვეყანაში დასტაბილურდა, ხოლო ჯარები "წმენდისა" და "სტრატეგიული ობიექტების" დაცვით ოპერაციებს აგრძელებენ.

ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი კი 23 საათიდან დილის 7 საათამდეა.

დღის ამბები