23 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
ყაზახეთის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, მშვიდობიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან - ენტონი ბლინკენი

ვითარება ცხელ წერტილში - ყაზახეთში გლოვის დღეა. ქვეყანაში არეულობების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ყაზახეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს 164 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 8 ათასამდე ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ალმატიში ბოლო სამ დღეში პირველად ინტერნეტის მიწოდება აღდგა. პარალელურად, ყაზახეთის პრეზიდენტმა მორიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა. ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე გაათავისუფლა და ახალი წევრები დანიშნა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს მშვიდობიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან. 

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანი და ეს არის გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნებზე, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ. როგორც ვთქვით, ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ ვუბრუნდებით.

დიახ, და მე ვგმობ ამ განცხადებას და თუ ეს არის ეროვნული პოლიტიკა, ვგმობ ამ პოლიტიკას, სროლას მკვლელობისთვის. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგას ყაზახეთში სულ რაღაც ორიოდე დღის წინ. ყაზახეთის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს მშვიდობიანად გაუმკლავდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, დარწმუნდნენ, რომ დაცულია მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა უფლებები, დაიცვან სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და წესრიგი, მაგრამ ამის გაკეთება უნდა განხორციელდეს უფლებების პატივისცემით.

ჩვენ გვაქვს რეალური კითხვები იმის თაობაზე, თუ რატომ გრძნობდნენ თავს ვალდებულად გამოეძახებინათ ეს ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთი დომინირებს. ჩვენ ვითხოვთ ამის გარკვევას. მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებებს, ვინც ცდილობს ხმის მიწვდენას." - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ ტერაქტებისა და არეულობების ფაქტზე წინასწარი გამოძიება უკვე დაიწყო. ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პოლკოვნიკი აზამატ იბრაევი კი ნურ-სულთანში სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟამბილის რეგიონის დეპარტამენტის უფროსმა, კი თავი მოიკლა. ამ ყველაფრის პარალელურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, მას ვლადიმერ პუტინიც ესწრება.   

დღის ამბები