21 მაისი 2022,   15:57
ვრცლად
"ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან, ჩვენ ველოდებით რომ ინფლაციის დონე დაიწევს" - ნათია თურნავა

ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, როდის შემცირდება ინფლაციის მაჩვენებელი და როგორია მოლოდინები - სამთავრობო გუნდი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების დაწყების საორიენტაციო თარიღად პირველ კვარტალს ასახელებს, ზრდას კი კოვიდპანდემიას უკავშირებს. 

მინისტრთა კაბინეტის წევრების თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, შესაბამისად, მოულოდნელი არ არის, რომ საქართველოზეც აისახა პრობლემები, რომელიც ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. 

"ვერ იქნება ინფლასციასთან მიმართებაში გამონაკლისი საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია ინფლაცია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმებს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოში. ის ღონისძიებები, რომლის გადადგმაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში,“ - ამბობს ლაშა ხუციშვილი. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით, შესაძლოა გაზაფხულიდან ინფლაციის დონემ დაიწიოს და წლის ბოლომდე ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს.

"ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად მთლიანად მსოფლიოში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 40 წლის განმავლობაში მაქსიმუმზე არის ინფლაცია ასული, იგივე თუმდაც მაღალგანვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში. გერმანიაში ბოლო 29 წლის  პიკზე არის ინფლაცია, ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაქსიმუმზეა.

საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან, ჩვენ ველოდებით რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე, სრულიად შესაძლებელია რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს,“ - ამბობს ნათია თურნავა.

დღის ამბები