20 აპრილი 2024,   06:37
ვრცლად
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ყაზახეთიდან 2 დღეში დაიწყება - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს. ალიხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა, ფრაქციებმა კი მას მხარი დაუჭირეს. პოლიტიკური გადაადგილებების პარალელურად ყოველდღიურად იზრდება დაკავებულთა რიცხვი. სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში ბოლო დღეების განმავლობაში 9 900 ადამიანი გადაიყვანეს.

პრეზიდენტი თოყაევი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში ვითარება სტაბილურია. შესაბამისად, თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ყაზახეთის ტერიტორიიდან 2 დღეში დაიწყება.

"რადიკალური ღონისძიებების კონკრეტული შემსრულებლების მომზადება კონსპირაციულად მიმდინარეობდა. ეროვნული უშიშროების კომიტეტს, როგორც უფლებამოსილ ორგანოს, არ შეეძლო და არ სურდა მკაფიო შეფასება მიეცა ამ დივერსიული სამუშაოსთვის, ვერ გათვალა ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხე.

ზოგადად კონტრტერორისტული ოპერაციის მწვავე ფაზა გავიდა. ვითარება ყველა რეგიონში სტაბილურია. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებ, რომ უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების მთავარი მისია წარმატებით დასრულდა. 2 დღეში უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთიანი სამშვიდობო კონტიგენტის ეტაპობრივი გაყვანა დაიწყება. გაყვანის პროცესი გაგრძელდება არაუმეტეს 10 დღისა," - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ალმათის მერი ბახიჟან საგინტაიევ​ი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ორგანიზების დონის მიხედვით, წინასწარ იყო დაგეგმილი.

"ამ ბანდიტებს აკონტროლებდნენ ტერორისტები. ორგანიზების დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ეს წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი," - ამბობს ალმათის მერი.

ყაზახეთში მომხდარი შეტაკებების დროს ყველაზე დიდი ეპიცენტრი ქალაქი ალმათი იყო. ალმათის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დანგრეული ქალაქის ყურება ძალიან დამთრგუნველია.

"ჩვენ გვინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. აქ ისეთი ლამაზი იყო, ახლა კი ისეთი დანგრეულია. მისი ყურება ძალიან დამთრგუნველი და დამღლელია," - ამბობს ალმათის ერთ-ერთი მცხოვრები.

დღის ამბები