24 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
ნაზარბაევის ოჯახის მილიონები და შერლოკ ჰოლმსის სახლი ლონდონში - რა ქონებას ფლობენ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის შვილები

ყაზახეთში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო მედიაში ნაზარბაევების გვარი კვლავ აქტუალური გახადა. განსაკუთრებით იმ კაპიტალის მხრივ, რომლის დაგროვებაც ყაზახეთის თითქმის 30-წლოვანმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და მისმა ოჯახმა შეძლო.

ბრიტანული გამოცემა The Sunday Telegraph-ი ირწმუნება, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსმა ქალიშვილმა 300 მილიონი დოლარის ქონება გამოიტანა ყაზახეთიდან და ბრიტანეთის მოქალაქეობის მოპოვების მიზნით, 2006 წელს შეიძინა სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში.

მისი ხარჯვისა და ძვირადღირებული შესყიდვების შესახებ ცნობილი გახდა სარჩელის წყალობით, რომელიც მან ფინანსურ მრჩევლების წინააღმდეგ შეიტანა.

The Sunday Telegraph-ის ცნობით, სარჩელის მონაცემებზე დაყრდნობით,  41 წლის ალია ნაზარბაევას შესყიდვების სიაში შედიოდა:

კერძო თვითმფრინავი Challenger Bombardier 25 მილიონ დოლარად;

სახლი 8,75 მილიონ ფუნტ სტერლინგად ლონდონის პრესტიჟულ უბანში ჰაიგეიტში;

უძრავი ქონება დუბაიში 14 მილიონ დოლარად, მათ შორის ვილა ხელოვნურ კუნძულზე Palm Jumeirah.

უფრო ადრე სხვა გამოცემები წერდნენ, რომ  140 მილიონ ფუნტ სტერლინგად ნაზარბაევის უფროსი შვილის დარიგე ნაზარბაევას და შვილიშვილის ნურალი ალიევის საკუთრებაში გადავიდა ბეიკერ სტრიტის #215 დან #237-მდე არსებული მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება. მათ შორის არის ყველასთვის ცნობილი მისამართიც 221b Baker Street. სადაც მდებარეობს არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლეგენდარული ლიტერატურული პერსონაჟის, შერლოკ ჰოლმსის სახლ-მუზეუმი.

არტურ კონან-დოილის ნაწარმოების მიხედვით, შერლოკ ჰოლმსი და მისი მეგობარი დოქტორი ვატსონი ლონდონში სწორედ ამ მისამართზე ცხოვრობდნენ 1881-1904 წლებში. თუმცა როგორც ცნობილია, ნაწარმოების დაწერის დროს სახლი ასეთი ნომრით ლონდონში არ არსებობდა და ლონდონის გაფართოებამ და შერლოკ ჰოლმსის უსაზღვრო პოპულარობამ მოიტანა ის, რომ ბეიკერ სტრიტზე ეს ნომერი სპეციალურად დაემატა და ნაწარმოების გამოგონილ პერსონაჟს უკვე საკუთარი სახლ-მუზეუმი აქვს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში.

58 წლის დარიგა ნაზარბაევას ქონება, რომელიც ყახაზეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწედ ითვლება უკვე დიდი ხანია ნახევარ მილიარდს გადასცდა. მისი სახელი ფიგურირებდა პანამის დოკუმენტებშიც.(მასალები, რომელიც 2016 წლის აპრილში "პანამის დოკუმენტების" სახელწოდებით გასაჯაროვდა, ასახავს ჩრდილოვან ფინანსურ ოპერაციებს ფართოდ გავრცელებული სქემით.)

ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ქალის წოდება აქვს ნურსულთან ნაზარბაევის შუათანა შვილს 54 წლის დინარა ნაზარბაევას, 2017 წელს ფორბსის მონაცემებით მისი ქონება 3.1 მილიარდს შეადგენდა, თუმცა დებისგან განსხვავებით ის საკმაოდ არასაჯარო ცხოვრებას ეწევა და მის შესახებ მედიისთვის ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.

დღის ამბები