19 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
ამერიკელი სამხედრო ექიმები სუპერ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ - რას შეძლებს ახალი პრეპარატი 

ამერიკელი სამხედრო ექიმები სუპერ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, რომელმაც თავის მხრივ ყველა შესაძლო შტამზე უნდა იმუშაოს. შეერთებული შტატების ნაციონალურ სამხედრო სამედიცინო ცენტრში პრეპარატი გამოცდის პირველ ფაზას გადის. უკვე გაცხადდა, რომ ვაქცინამ შესაძლოა იმუშაოს არა მხოლოდ "ომიკრონზე" ან სხვა შტამებზე, არამედ ახლოს მყოფ ინფექციებზეც.

მსოფლიოში "ომიკრონი" დომინანტურ შტამად რჩება. ბოლო 1 კვირაში შეერთებულ შტატებში ახალი შტამით ინფიცირების მაჩვენებელმა შემთხვევების საერთო რაოდენობის 98% შეადგინა. როგორც ენტონი ფაუჩი ამბობს, "ომიკრონი" უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება და ის ყველას შეხვდება, ქვეყნის პრეზიდენტი კი ახალი შტამისგან თავის დასაცავად საზოგადოებას "ბუსტერ" დოზის გაკეთებისა და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

"ომიკრონის" გავრცელების თავიდან ასაცილებლად მე-4 დოზით აცრა დაუშვეს ესპანეთსა და კამბოჯაში. ესპანეთში ვაქცინის დამატებითი დოზით რისკჯგუფებს აცრიან, კამბოჯაში კი რისკჯგუფებთან ერთად პრიორიტეტულად წინა ხაზზე მომუშავე პერსონალი და მთავრობის წევრები სახელდებიან.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების "ბუსტერ" დოზით აცრის რეკომენდაციას გასცემს, გერმანიის მთავრობა კი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესახებ მსჯელობს. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ფილიპინებში. გასულ 24 საათში ვირუსი 37 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული რეგულაციები იანვრის ბოლომდე გახანგრძლივდა. შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში შესვლის მსურველი უცხოელებისთვისაც.

"ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების გამო ათობით საერთაშორისო რეისი გააუქმა ჩინეთმა. 

ავტორი: ანა ტურავა 

დღის ამბები