18 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
ირანში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა - ქვეყანაში ახალმა შტამმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ირანში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ახალმა შტამმა 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფექციის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ქვეყანაში ომიკრონ შტამის წითელი ზონის ქვეყნებთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მზარდი რაოდენობა ფიქსირდება საფრანგეთში, სადაც ომიკრონი ვირუსის დომინანტური შტამია. ადგილობრივი ექიმები ჰოსპიტალური სექტორის კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია.

ვირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მექსიკაში. ბოლო 24 საათში ვირუსი 44 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში შესვლაზე რეგულაციები მოქმედებს. ტურისტები ვალდებულები არიან საზღვარზე აცრის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელს ითვლის სლოვენიაც. ინფიცირებულთა უმეტესობა ახალი შტამით არის დაავადებული. ვირუსის ტალღის შესამცირებლად, სლოვენიის მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს.

დამატებითი რეგულაციები შეიმუშავა ჩინეთის მთავრობამ, რომელიც საახალწლო დღესასწაულების პერიოდში იმოქმედებს.

5-დან 11 წლამდე მოზარდების აცრა დაიწყეს ბრაზილიასა და ავსტრალიაში. ვიქტორიას შტატში გარკვეული სფეროს წარმომადგენლებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება სავალდებულო გახდა.

დღის ამბები