25 მაისი 2022,   20:29
ვრცლად
შეზღუდვები პეტრო პოროშენკოსთვის - რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებული უკრაინის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მე-5 პრეზიდენტს აღმკვეთ ღონისძიებად გარკვეული პირადი ვალდებულებები დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარე. პროკურატურა პეტრო პოროშენკოსთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ერთი მილიარდი გრივნის გადახდის შესაძლებლობით მოითხოვდა. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი კი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება ღიად არ გამოთქვა თავად უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, თუმცა, თქვა, რომ არც ზეიმს აპირებს. პეტრო პოროშენკომ სხდომის დასრულების შემდეგ ვრცელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის დისკრედიტაცია ცდილობს, თუმცა ბრძოლას განაგრძობს სანამ არ გაიმარჯვებს.

2014 წლის მაიდნის მოვლენები და უკრაინის რევოლუცია დღეს მხოლოდ პეტრო პოროშენკოს არ გაუხსენებია. მისი მხარდამჭერები, რომლებიც კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოსთან დილიდან შეიკრიბნენ, მთელი დღის განმავლობაში ღიად აცხადებდნენ, რომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის წინააღდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მთავრობა არ შეიცვლება.

საპროტესტო აქციას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე. პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებს გათბობის მიზნით ცეცხლის დასანთებად კასრების დადგმის საშუალება არ მისცა. პარალელურად ბერკუტმა სასამართლოსთან გაშლილი კარვების აღება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი, აქციის ერთმა მონაწილემ კი ცეცხლმაქრი გამოიყენა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო ეროვნული გვარდიაც.

აქციაზე სიტუაცია მას შემდეგ დამშვიდდა, რაც პეტრო პოროშენკომ სასამართლო დატოვა. უკრაინის ექს-პრეზიდენტმა მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართა, რის შემდეგაც პროტესტმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადაინაცვლა.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. პეტრო პოროშენკო ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები