23 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს.

გადამზადების კურსებთან დაკავშირებით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა UNWTO-ს ევროპის რეგიონული დეპარტამენტისა და ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის  ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი ნატო მებურიშვილი ესწრებოდა. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და UNWTO-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში ტრენინგები ჩაუტარდებათ, რის 
შემდეგაც ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემა. ტრენინგების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. 

UNWTO-ს ტურიზმის ონლაინ აკადემია მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და ტრენერებს აერთიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული სასწავლო კურსების ჩატარებას, როგორიცაა: ტურიზმის ფუნდამენტური პრინციპები და უახლესი ტრენდები, მასპინძლობის ინდუსტრია, ტურისტული პროდუქტის ფორმირება და შეთავაზება, მარკეტინგი და გაყიდვები და სხვა.

დღის ამბები