24 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
თუ დაუსჯელად დავტოვებთ, გადავინაცვლებთ საშიშ დროში - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის აგრესიაზე მკაცრი და  გლობალური პასუხის პირობას დებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გერმანიიდან შევიცარიაში ჩავიდა სადაც სერგეი ლავროვს შეხვდება. მოლაპარაკებათა ამ რაუნდის დაწყებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. მსოფლიო მედიის ყურადღება სწორედ ჟენევისკენ არის მიმართული. მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის აგრესიაზე და მოვლენათა განვითარების როგორი სცენარია მოსალოდნელი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ საკითხი არ დგას უკრაინასა და რუსეთს, ან NATO-სა და რუსეთს შორის უთანხმოებაზე, მისი შეფასებით,  ეს არის კრიზისი, რომელსაც ექნება გლობალური შედეგები. სწორედ ამიტომ უნდა იყოს მასზე პასუხი გლობალური:

"რუსეთი აგრძელებს უკრაინისთვის მზარდი საფრთხის შექმნას. ეს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტზე გაცილებით დიდია, ეს რუსეთსა და NATO-ზეც დიდია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ექნება გლობალური შედეგები. სწორედ ამიტომ უნდა იყოს მასზე პასუხი გლობალური. თუ რუსეთს ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის უფლებას მივცემთ და ამას დაუსჯელად დავტოვებთ, ჩვენ გადავინაცვლებთ გაცილებით საშიშ და არასტაბილურ დროში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს და განახორციელებს აგრესიის ახალს აქტს, ამის პასუხი იქნება სწრაფი და მკაცრი, ერთიანი ძალებით, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან,"- აცხადებს  ენტონი ბლინკენი.

შექმნილ ვითარებას ეხმაურება რეგიონში NATO-ს წევრი ქვეყანა თურქეთიც. პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მშვიდობა შენარჩუნდეს:

"ვწუხვართ რეგიონში გაუარესებული ომის კლიმატის გამო,რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია. თურქეთს სურს მშვიდობა დაამყაროს - ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში პროცესები ნეგატიურ ფორმებს არ მიიღებს. თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მშვიდობა შენარჩუნდეს. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე შევძლებთ ბატონ პუტინსა და ბატონ ზელენსკის შორის პირისპირ შეხვედრის უზრუნველყოფას. მომდევნო თვეში მე ვეწვევი უკრაინას. დიდი მნიშვნელობა ექნება აგრეთვე პუტინის ვიზიტს თურქეთში," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

დღის ამბები