20 აპრილი 2024,   05:29
ვრცლად
"გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს კიევში პრორუსული ლიდერის დანიშვნას, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას" - დიდი ბრიტანეთი

მოსკოვი უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების დასმას გეგმავს - განცხადებას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი ავრცელებს. საგარეო უწყების ამ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ნამდვილად აპირებს, ყოველდღიურად იზრდება.

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს არ აყვნენ პანიკას, თუმცა მოქალაქეებში შიშის განცდა მაინც მაღალია. შეერთებულმა შტატებმა ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უკვე თანახმა არიან, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდონ.

გამოაშკარავდა კრემლის გეგმა უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსი ლიდერის დანიშვნის შესახებ - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ. როგორც სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი განიხილავს უკრაინაში შეჭრას და მის ოკუპაციას.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს კიევში პრორუსული ლიდერის დანიშვნას, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას. პოტენციურ კანდიდატად, ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უამრავ ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსთან.

რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და გააგრძელოს დიპლომატიური გზა. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არა ერთხელ თქვეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა სერიოზული საფასურით," – აღნიშნულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანელ კოლეგებს უკვე უპასუხეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბრიტანელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინის ირგვლივ დაძაბულობას ამძაფრებენ.

"ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის ირგვლივ. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე კონცენტრირდეს," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ზუსტად არავინ იცის პუტინი რას ფიქრობს," - ამის შესახებ საუბრობს რობ მენდესი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, რომელმაც ადგილობრივ ამერიკულ მედიასთან მიმოიხილა უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები და უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთა.

"უკრაინა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. 100 000 სამხედროა განლაგებული მის საზღვრებთან, ამას ემატება კიბერთავდასხმები და შიდა გადატრიალების მცდელობა.

ზუსტად არავინ იცის პუტინი რას ფიქრობს. თუ კი მის გამოსვლებს გაეცნობით, ნახავთ, რომ მისი უდიდესი წუხილი საბჭოთა კავშირის დაშლაა, უდიდესი სურვილი კი მისი აღდგენაა. ის აპირებს, რომ შეიჭრას უკრაინაში ან ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს, რათა უკრაინა დასავლეთის ორბიტას აცდეს, ან ის ცდილობს გამოიყენოს ეს ბერკეტად შეერთებულ შტატებთან, რათა მიიღოს უსაფრთხოების მისთვის საჭირო გარანტიები," - ამბობს რობ მენდესი.

დღის ამბები