25 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
მმართველ გუნდში თვლიან, რომ უკრაინის შესახებ წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი სრულად ასახავს მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას​

მმართველ გუნდში თვლიან, რომ რეზოლუციის ტექსტის წარმოდგენილ ვარიანტს არაფერი აქვს დასაწუნი და რომ ის სრულად ასახავს მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ საუბრობს ოპოზიციის ვიწროპარტიულ ინტერესებზე. უმრავლესობის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. უთანხმოების გამო არ არის გამორიცხული სესიაზე საბოლოოდ ორი პროექტი გავიდეს - ერთი მმართველი პარტიის, მეორე კი ოპოზიციის.

"ტექსტი, რომელიც საბოლოო ჯამში "ქართული ოცნების" მიერ იქნა დაინიცირებული, ხაზს უსვამს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, უკრაინის სუვერენულ უფლებას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდეს, რომ ესკალაცია და ომი დაუშვებლად მიგვაჩნია და რომ ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ერის გვერდით," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გივი მიქანაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ მოიგონა მიზეზი, რათა რეზოლუციის ტექსტს არ დათანხმებოდნენ.

"კარგი იქნებოდა ყოფილიყო ეს ყველას მხრივ მხარდაჭერილი და მიუხედავად განცხადებებისა თავდაპირველად ოპოზიციის მხრიდან, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ შეთანხმებული ვერსიის წარდგენას, რეალურად არ აღმოჩნდა ეს მათი მხრიდან გულწრფელი განცხადება და მოიგონეს მიზეზი, რის გამოც არ დათანხმდნენ ამ შემთხვევაში ამ ვერსიას. არა მგონია, რომ რაიმე დაეწუნებოდეს იმ ვერსიას, რომელიც ინიცირებულია "ქართული ოცნების" მხრიდან," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები