25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს - ბორის ჯონსონი

"გაერთიანებული სამეფო აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ჯარების გაორმაგებას და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს," - ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

ბორის ჯონსონის თქმით, დამატებითი ჯარების გაგზავნა კრემლისთვის მკაფიო გზავნილი იქნება, ხოლო გაერთიანებული სამეფო არასდროს შეურიგდება რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ყოველთვის NATO-ს მოკავშირეების გვერდით იდგება.

უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე კი საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული სამხედროს გაგზავნას გეგმავს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, რუმინეთი მაღალი დაძაბულობის ზონად მიიჩნევა, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს.

მან ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის საჭიროებაზეც გააკეთა განცხადება და კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"არსებობს ფორმატი, რომელიც არსებობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს. ეს ნორმანდიის ფორმატია, სადაც რუსეთს არ სურდა დაბრუნება - საბოლოოდ ისინი ამ კვირაში პარიზში შეიკრიბნენ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეხვედრა გადაწყვიტეს. ასე რომ, დიალოგი გრძელდება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტი დიალოგის, პოლიტიკური და და დიპლომატიური გზით უნდა გადავწყვიტოთ," - აცხადებს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი.

დღის ამბები