23 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
დაიწყება თუ არა ომი მხოლოდ პუტინმა იცის - ევროპარლამენტარები პუტინს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რეალური სანქციებით ემუქრებიან

დაიწყება  თუ არა ომი უკრაინაში, ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა იცის - ამას ის ევროდეპუტატები ამბობენ, რომლებიც დღეს კიევში გაემგზავრნენ.

ბრიუსელში ევროპელი პოლიტიკოსები არა მხოლოდ დასავლეთის საპასუხო მექანიზმებზე საუბრობენ, არამედ ანალიზსაც აკეთებენ, თუ რატომ იქცევა ასე ვლადიმერ პუტინი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. პოლიტიკოსები თვლიან, რომ აქ საქმე ფასეულობებშია. მათი აზრით, პუტინისთვის მიუღებელია წარმატებული უკრაინა, მიუღებელია ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობა, რომლის უმეტესობაც ძალიან ცუდ ეკონომიკურ ვითარებაში ცხოვრობს, დაინახავს, რომ შესაძლოა ქვეყანა იყოს წარმატებული, სწორედ ეს იქნება ვლადიმერ პუტინის მმართველობის პირდაპირი საფრთხე.

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან მაიკლ გალერი ამბობს, რომ NATO-დან არანაირი საფრთხე არ მოდის. 

"დაიწყება თუ არა ომი, სავარაუდოდ, მხოლოდ პუტინმა იცის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისთვის. უნდა დავეხმაროთ უკრაინას ყველაფრით, რითაც შეგვიძლია, უნდა მივაწოდოთ მათ იარაღი და პუტინს მის ქმედებებზე საფასური გავუზარდოთ. არ უნდა ავყვეთ რუსულ პროპაგანდას, თითქოს საფრთხე NATO-დან მოდის, კრემლს უფლება არ აქვს ჰქონდეს გავლენის სფეროები. არანაირი საფრთხე  NATO-გან არაა, პუტინისთვის რეალური საფრთხე ჩვენი ფასეულობებია. წარმატებული უკრაინა, ამ ქვეყნის ყველა მცდელობა სირთულეების მიუხედავად, გახდეს წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის პუტინისთვის რეალური საფრთხე,"-აცხადებს მაიკლ გალერი.

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან  ეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებაზე პასუხი მკაცრი სანქციებით უნდა გაეცეს, რაც მის ეკონომიკას ძალიან დააზიანებს. 

"სიტუაცია ძალიან სერიოზულია. პუტინი აგრძელებს შანტაჟისა და აგრესიული ქმედებების პოლიტიკას. საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ვიყოთ უარესის მოლოდინში. საპასუხოდ კი, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ბერკეტი. მგონია, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტები და შეხვედრები ცოტა დაგვიანებულია, საჭიროა ხელშესახები პასუხები. არ არის საკმარისი ის რაც აქამდე იყო, საჭიროა რეალური სანქციები, იმგვარი, რუსეთის ეკონომიკას ზიანს რომ მიაყენებს. ამასთან ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუს ხალხს თუ ამას რატომ ვაკეთებთ. ეს ნაბიჯები არა რუსი ხალხის, არამედ კრემლის წინააღმდეგაა მიმართული და ამ ვითარებაში რუსეთის მოსახლეობა  კრემლის მძევალია. გარდა ამისა, უკრაინას უნდა ჰქონდეს სამხედრო დახმარება, რადგან და დავეხმაროთ მათ ვინც რუსეთის ზეწოლის ქვეშაა,"-აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროდეპუტატების დელეგაცია უკრაინაში სამი დღით გაჩერდებიან და ეს პარლამენტარების მხრიდან იქნება ღია მხარდაჭერა. რაც შეეხება ბრიუსელს, ევროკავშირის დედაქალაქი ახლა მოლოდინშია და მოსკოვიდან ელოდება პასუხს. 2 თებერვალს კი გაიმართება შეხვედრა ნორმანდიულ ფორმატში.

დღის ამბები