25 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
მსოფლიოს ნაწილისთვის პანდემია დასრულდა - ქვეყნები რეგულაციებს ერთმანეთის მიყოლებით ამსუბუქებენ

ქვეყნების ნაწილისთვის პანდემია დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 406 მილიონს აჭარბებს, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნები რეგულაციებს ერთი მეორეს მიყოლებით ამსუბუქებენ.

შვედეთი ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. ინფიცირების რეკორდული შემთხვევების მიუხედავად, მთავრობამ თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. შეჩერდა მასშტაბური ტესტირებაც.

შეზღუდვები გააუქმა ესპანეთმაც, სადაც 12 წელს ზემოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები თავისუფლდებიან ვაქცინაციის მოწმობის წარდგენისგან. ქვეყანაში მოხსნეს პირბადის ტარების ვალდებულებაც.

პირბადის ტარება უკვე სავალდებულო აღარც იტალიაშია. შეზღუდვები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც საავადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა.

რეგულაციებს ამსუბუქებენ ჩეხეთშიც. საზოგადოება აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება. მწვანე პასპორტების წარდგენა უკვე საჭირო აღარ არის კანადის 4 პროვინციაშიც.

ავსტრალიამ საზღვრები გაუხსნა მოგზაურებს, მთავრობაში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი, მაშინ, როცა თავად ავსტრალიელებს სრულად ვაქცინირებული სტატუსისთვის ბუსტერ დოზას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოების დიდი ნაწილი შეზღუდვებს ხსნის, ჯანმო მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

 

 

 

დღის ამბები