16 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
გადაიარა თუ არა კორონავირუსის საფრთხემ - რიგი ქვეყნები შეზღუდვებს ხსნიან, ჯანმო კი მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს

მსოფლიოში ომიკრონი სწრაფად გავრცელებას განაგრძობს, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს, პანდემია დასრულებულად არ მიიჩნიონ და ბუსტერ დოზით აიცრან. 

ომიკრონის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, რიგ ევროპულ სახელმწიფოებში შეზღუდვები იხსნება. კოვიდ რეგულაციები სრულად გაუქმდა შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში. მოიხსნა მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ და გაუქმდა მწვანე პასპორტების გამოყენება. ქვეყნები გეგმავენ კორონავირუსის ხელახალი კლასიფიკაცია მოხდეს და დაერქვას დაავადება, რომელიც საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ავსტრალიაში, სადაც ხელისუფლება საზოგადოებას სიფრთხილისა და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რეგულაციების გამკაცრების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.

ახალ ზელანდიაში კი, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმრავლესობას ომიკრონ შტამი უფიქსირდება. ექსპერტების თქმით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველ მთავარ საშუალებად კვლავ ვაქცინაცია რჩება. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ბუსტერ დოზით აცრა არ დააყოვნონ. 

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ჰონ-კონგშიც. ჩინეთი იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორისაა, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად ნულოვანი პოლიტიკა აქვს არჩეული და შეზღუდვებს ინარჩუნებს.

დღის ამბები