23 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოლოდინში - რა წინადადებით ჩადის კიევსა და მოსკოვში გერმანიის კანცლერი

NATO-ს წევრებსა და ევროპის კავშირს მზად აქვს მკაცრი სანქციების პაკეტი, რომელსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აამოქმედებენ. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიის კანცლერმა, რომელიც კიევში სპეციალურად უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად გაემგზავრა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა.

უკრაინის შემდეგ გერმანიის კანცლერი მოსკოვში ჩავა და ხვალ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ რუსეთთან სასწრაფოდ სურს მოლაპარაკებების გამართვა ეუთოს პლატფორმაზე. უკრაინის მოთხოვნას რუსეთმა უარი უთხრა.

რამდენად რეალურია დაიწყოს რუსეთის ინტერვენცია 16 თებერვალს - როგორც ამის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსები საუბრობენ? - ამ შეკითხვით "კურიერმა" უკრაინელ ანალიტიკოსებს მიმართა. ექსპერტები კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთი სინამდვილეში უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და არსებულ დაძაბულ ვითარებას დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენებს. მათი თქმით, მოსკოვი უკმაყოფილოა ევროპის უსაფრთხოების აქრიტექტურით და საკუთარი ინტერესების შესაბამისად ცდილობს შეცვლას.

"კურიერი" ესაუბრა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთა ყოფილ მინისტრსაც, რომელსაც კონტაქტი აქვს ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ვადიმ ჩერნიში ამბობს, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო პროპაგანდა - თითქოს უკრაინა უახლოეს დღეებში მათ თავს დაესხმევა.

ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა და იტალია - რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ეკონიმიკური და ფინანსური სანქციებით ემუქრებიან. დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი კიევთან ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება. კრემლი ამას უარყოფს და ჯარების გადაადგილებას თავის შიდა საქმეს უწოდებს.

დღის ამბები