25 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
"ისმის კითხვა - ვინ იქნება შემდეგი, სად განლაგდება მორიგი სამხედრო კონტინგენტი, ამ გზით წასვლა ძალიან საშიშია" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის თემაზე დღევანდელი დისკუსია უკვე დასრულებულია.

ევროპის ნაწილი მიიჩნევს, რომ სანქციები ახლავეა აუცილებელი. განსაკუთრებით აქტიურობენ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ყველა ის სახელმწიფო, რომლებიც უკრაინის შემდეგ რუსეთის პირისპირ ფრონტის ხაზზე რჩებიან. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და შეწყვიტოს მასზე ზეწოლა, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს საუბარს აზრი. 

"პუტინმა გაჩვენა, რომ მას შეუძლია შექმნას მასშტაბური სამხედრო კონტიგენტი, რომლითაც უკრაინას დაესხმება თავს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ბალტიის ქვეყნები დაცულები იქნებიან, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ბატალიონი ბალტიის ქვეყნებში. ძველმა მეთოდებმა არ გაამართლა, რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება გაზსა და ნავთობზე. ახლა დროა რომ გავიღვიძოთ. გადავხედოთ, რა ხდებოდა გასული 30 წლის განმავლობაში და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. ისმის კითხვა - ვინ იქნება შემდეგი, სად განლაგდება მორიგი სამხედრო კონტინგენტი. ამ გზით წასვლა ძალიან საშიშია. დიპლომატიური გზა კი ერთია, რუსეთმა უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და შეწყვიტოს მასზე ზეწოლა. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს რეალურად საუბარს აზრი და შედეგი.

ნატოს არ გაფართოების საკითხზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი, კარი აუცილებელია რომ ღია იყოს," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.  

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს კიევში ვიზიტით ჩავლენ ბალტიის ქვეყნების მინისტრები და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. 

დღის ამბები