19 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
კიდევ რა ემუქრება რუსეთს "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის შეჩერების შემდეგ - ბელგიასა და საფრანგეთში სანქციებზე აქტიური მსჯელობა დაიწყო

გერმანია "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს. სანქციების პირველ ეტაპზე დასავლეთმა უკვე იმსჯელა. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში მიიღებენ.

"უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-თან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას," - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

შესაბამისი მოთხოვნით ოლაფ შოლცმა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართა. გადაწყვეტილება ოფიციალურმა ბერლინმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ბელგიასა და საფრანგეთში სანქციების მექანიზმებზე აქტიური მსჯელობა დაიწყო.

"პრეზიდენტი პუტინი არამარტო მინსკის შეთანხმებას არღვევს, რომელსაც 2014 წელს თავად მოაწერა ხელი, ის ასევე არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ ძირითად პრინციპებს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იმსახურებს ჩვენს უდიდეს პატივისცემას, რადგან ის არ უშვებს უკრაინის მხრიდან რუსეთის პროვოკაციაზე წამოგებას, რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ამას ელოდება, რათა საბაბი ჰქონდეს, უკრაინის ოკუპაცია მოახდინოს. ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ ვიმსჯელეთ და შესაბამის გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში მივიღებთ.

დღევანდელი ვითარება ფუნდამენტურად განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ეს სიტუაცია უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, მათ შორის "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაზსადენის კონტექსტში. დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროს, უკან გამოიწვიოს არსებული ანგარიში ფედერალური ქსელის სააგენტოში მიწოდების უსაფრთხოების შესახებ. მართალია, ეს ტექნიკურ ნაბიჯად ჟღერს, თუმცა ეს აუცილებელი ადმინისტრაციული წინაპირობაა, რათა ამ დროისთვის გაზსადენის სერტიფიცირება არ მოხდეს. ამ სერთიფიკატის გარეშე, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" ექსპლუატაციაში ვერ შევა. ამ ფაზაში მნიშვნელოვანია, გარდა პირველადი სანქციებისა, შემდგომი ესკალაცია და, შესაბამისად, კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული. მთელი ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა სწორედ ამისკენაა მიმართული. ეს ძალიან მძიმე დღეები და საათებია ევროპისთვის - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან თითქმის 80 წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხე დგას."- აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ევროკომისარი დიდიე რეინდერსი კი ამბობს, რომ პუტინის შესაჩერებლად საჭიროა მკაცრი სანქციები.

"არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება ვლადიმერ პუტინის გასაჩერებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გვჭირდება მკაცრი სანქციების ამოქმედება. არა მხოლოდ ინდივიდუალურ სანქციებზე უნდა ვიფიქროთ, რასაც დღეს მინისტრები განიხილავენ, არამედ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკურ სანქციებზეც. ჩვენ უკვე ვიხილეთ პირველი გადაწყვეტილებები ბრიტანეთში და გერმანიაში, ახლა კი მსჯელობა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიმდინარეობს," - განაცხადა დიდიე რეინდერსმა.

დღის ამბები