19 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უმკაცრესი იქნება. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინმა აირჩია ომის გზა და ახლა მისი ქვეყანა აუცილებლად იწვნევს შესაბამის შედეგებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, რომ  გვერდში დაუდგეს უკრაინას და ამის ფონზე, რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ სრულიად გავუზიარეთ მსოფლიოს კლასიფიციფრბული ინფორმაცია რუსეთის თავდასხმის შესახებ უკრაინაზე, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს პუტინი. პუტინმა აირჩია ეს გზა და ახლა მისი ქვეყანა აუცილებლად იწვნევს შესაბამის შედეგებს.

დღეს, მე ვაპირებ გამოვაცხადო ახალი სანქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაისაჯოს რუსეთი, ეს აუცილებლად აისახება რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში, ჩვენ სპეციალურად შევქმენით ეს სანქციები, რათა მაქსიმალური, გრძელვადიანი გავლება მოგვეხდინა რუსეთზე და შეგვემცირებინა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მოკავშირეზე ომის ნეგატიური შედეგები. 

დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობდით შეგვეკრიბა მოკავშირეები, ეს მოიცავს ევროკავშირის წევრებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთი, კანადას და ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებიც ჩვენი რეაგირების გეგმაში იქნებიან ჩართული. მე ვესაუბრე დიდი შვიდიანის ლიდერებს და ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, შევზღუდავთ რუსეთს გლობალური ეკონომიკის ფარგლებში დაწესებული სანქციების გზით, რაც რა თქმა უნდა, შეაფერხებს რუსეთის სამხედრო ძალების დაფინანსებას, მის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს მაღალი ტექნოლოგიის ეკონომიკურ განვითარებაში და დღეს, რუსეთის ეკონომიკა იმყოფება უპრეცედენტოდ ცუდ მდგომარეობაში. 50%-ით არის შემცირებული თითქმის ყველა მაჩვენებელი.

ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ბანკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მსხვილ ბანკთან ვწყვეტთ თანამშრომლობას და ვბლოკავთ ოთხ დამატებით მსხვილ ბანკსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა აქტივი, რომლებიც რუსებს აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქნება გაყინული. ეს მოიცავს "ვი თი ბანკს" რუსეთში, რომელსაც 250 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს აუცილებლად აისახება რუსულ ელიტაზე, მათი ოჯახის წევრებზე. 

კორუმპირებული მილიარდერების წინააღმდეგ ჩვენ აუცილებლად დავაწესებთ შესაბამის სანქციებს და გამოვიყენებთ იგივე შეზღუდვებს, უმსხვილესი რუსული საწარმოების წინააღმდეგ, ისეთი კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა ბიუჯეტი 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის წვდომას ტექნოლოგიაზე, სტრატეგიულ სფეროებზე, ინდუსტრიული წარმოების სფეროებზე. ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ შევამციროთ, გავანახევროთ მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი რუსეთში. ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ქვეყნის ინდუსტრიულ შესაძლებლობებზე და მის კონკურენტუნარიანობაზე მსოფლიოში  ეკონომიკის თვალსაზრისით," - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები