24 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
"მუქარა ბირთვული ღილაკით", პუტინის რიტორიკამ ომის მეოთხე დღეს უკიდურეს ზღვარს მიაღწია - რას პასუხობს დასავლეთი აგრესორ ლიდერს

"მუქარა ბირთვული ღილაკით" - პუტინის რიტორიკამ ომის მეოთხე დღეს უკიდურეს ზღვარს მიაღწია. განსაკუთრებული რეჟიმი შეიარაღებული ძალებისთვის ის ერთადერთი გამოსავალია, რომელიც ოკუპანტის თავში სანქციების საპასუხოდ დაიბადა. ეს კი, მათ შორის ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანას გულისხმობს. ბრძანება უკვე გაცემულია.

დასავლეთისთვის ეს განცხადება სრულიად მიუღებელია, სახიფათო და უსაფუძვლოც. აშშ-მა იგი მიიღო იმის ნიშნად, რომ პრეზიდენტი პუტინი ომის ესკალაციას ცდილობს. საპასუხოდ, ვაშინგტონი პუტინის ქმედებების მაქსიმალურად ძლიერი გზებით შეჩერებას განიხილავს. განცხადებას უკვე მოჰყვა ნატოს პირველი რეაქცია.

მოლაპარაკებებისთვის მომზადებულმა უკრაინის ხელმძღვანელობამ მოსკოვის გზავნილი პირად მუქარად აღიქვა. თუმცა უკრაინელები ყველანაირი გამოწვევისთვის მზადყოფნაში არიან, რადგან მეზობელს უკვე დიდი ხანია იცნობენ. 

მესამე მსოფლიო ომსა და სახიფათო განვითარებებზე დასავლეთის სხვა ლიდერებიც საუბრობენ. მაკრონმა გუშინ ხანგრძლივი ომი უკვე ივარაუდა, დღეს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც იწინასწარმეტყველა, რომ პუტინი შესაძლოა უფრო საშიშ გადაწყვეტილებამდე მივიდეს, თუმცა დასავლეთის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

პუტინი ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ევროპის ყველა წონიანი და რთულად დასათანხმებელი პრაგმატისტებიც კი მის წინააღმდეგ აიმხედრა. რუსმა პრეზიდენტმა დღეს ისიც შეიტყო, რომ მსხვილი რუსული ბანკები სვიფტიდან ითიშებიან,  ხდება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზება, მისი პოლიტიკის წყალობით გამდიდრებული ოლიგარქები თავიანთ აქტივებს დასავლურ ბაზრებზე ვეღარ გამოიყენებენ - საუბარია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, დიდ ბრიტანეთზე, კანადაზე და აშშ-ზე.

გერმანიის საგარეო პოლიტიკა კი ბოლო რამდენიმე დღეში კარდინალურად შეცვლილია. ეს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდა. ბერლინი აქამდე დაწესებულ შეზღუდვას ხსნის და კიევს საკუთარი და პარტნიორების ხელით საბრძოლო იარაღს, რაკეტებსა თუ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარ-მტყორცნებს გაუგზავნის. მეტიც, იგი რუსეთის swift-დან ჩახსნასაც დათანხმდა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები