20 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
რატომ გაიწვია ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ელჩი საქართველოდან - ხელისუფლების განმარტებები და ოპოზიციის ბრალდებები

უკრაინა საქართველოდან და ყირგიზეთიდან ელჩებს კონსულტაციებისთვის იწვევს. გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში დღეს ისაუბრა. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესება და მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისის დაბრკოლება - ეს ის საკითხებია, რომელზეც უკრაინის მთავარსარდალს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან კითხვები აქვს. 

ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებენ მმართველ პარტიაში. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და განმარტეს, რომ არსებობს სურვილი ქვეყანა ღია საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად გამორიცხავს. პოლიტიკოსებისთვის გაურკვეველია ისიც, ანალოგიური მიზეზით რატომ არ გაიწვია წარმომადგენლები ზელენსკიმ თურქეთიდან, მოლდოვიდან, ისრაელიდან და იმ ქვეყნებიდან, ვინც რუსეთს სანქციებს არ უწესებს. 
 
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჟესტს ოპოზიცია საქართველოს ევროპულ გზაზე შემაფერხებელ წინაღობად მიიჩნევს, პასუხისმგებლობას კი საქართველოსვე ხელისუფლებას აკისრებს. 
 
განმარტებები თბილისში უკრაინის საელჩოშიც გაკეთდა. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ კონსულტაციები პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დასახელებულ მიზეზებს შეეხება. 
 
დღის ბოლოს დიპლომატიურ გაუგებრობასთან დაკავშირებით კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც გააკეთა.
 
ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველო უკრაინის მხარდაჭერას, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პლატფორმებზე განაგრძობს. დარჩიაშვილის თქმით, ორ ქვეყანას შორის გაურკვევლობა ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილის არასახელმწიფოებრივი აზროვნების სურვილია. 
 
უკრაინა უკვე ექვსი დღეა რუსულ აგრესიას იგერიებს. რა შედეგით დასრულდება ელჩთან კონსულტაციები კიევში, ჯერჯერობით, უცნობია.
 
 
დღის ამბები