25 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი საქართველომაც მოამზადა - რა გზა უნდა გაიაროს დოკუმენტმა და რა მოლოდინია საქართველოს პარლამენტში

ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი უკრაინის მსგავსად მოამზადა საქართველომაც.

პარლამენტის კომიტეტის დოკუმენტი 13 პუნქტისგან შედგება, მთავარი სწორედ მეცამეტე პუნქტია: საქართველო  მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს, "ევროკავშირის ხელშეკრულების" 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

პროექტის ინიცირების პროცედურები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია.

რა გზა უნდა გაიაროს დოკუმენტმა და რა მოლოდინია საქართველოს პარლამენტში, რომ ევროპა ისეთივე პასუხს გასცემს საქართველოს, როგორი პასუხიც დღეს მიიღო უკრაინამ ბრიუსელიდან. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რეზოლუციის პარლამენტში ინიცირების დაგვიანება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია.

"დღეს არის მოცემულობა, როცა გარკვეული დისკუსიები მიმდინარეობს უკრაინისთვის ევროინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად უკრაინისთვის. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მომენტი, როცა ყველამ ხმამაღლა უნდა გაიგოს საქართველოს ხმა, თუ რას სურს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტსა და ქართველ ხალხს. ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ ეფექტურად ინიცირებული რეზოლუციის პროექტი.

გულწრფელად გეტყვით, ამ რეზოლუციის პარლამენტში ინიცირება მსურდა ერთი წლის წინ, თუმცა ვფიქრობდი, ეს არის ის საკითხი, რაზეც საჭირო იყო არა მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა და ინიცირება, არამედ ყველა პარტიის თანხმობა და გვერდით დგომა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში ძალიან დიდხანს მოგვიწია ჩვენ,  მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებს ყოფნა. შესაბამისად, ამ რეზოლუციის იდეა საკმაოდ გაგვეწელა. ეს არის მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ საჭირო და აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია, ჩვენ გვსურს ევროკავშირის წევრობა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევასრულოთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ჩვენ ხელშია," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება აიძულეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა.

"ეს ყველაფერი დამთავრდა ქვეყნის სასარგებლოდ და ოპოზიციის გამარჯვებით, რადგან ხელისუფლება ვაიძულეთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არავითარი დაჩქარებული განცხადების შეტანა არ იქნებოდა და 2024 წლისთვის ჩვეულებრივი რეჟიმით მუშაობდა ხელისუფლება.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, თურმე, ერთი წლის წინ სურდათ ამის გაკეთება. ოპოზიციური პარტიების ზეწოლით და უკრაინის ელჩთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ამ რეზოლუციის ინიცირებაზე უარის თქმა იქნებოდა მათთვის პოლიტიკურად ძალიან საზიანო, თუმცა მათი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. პლენარული სხდომები გადადეს. ასეთი კრიზისია უკრაინაში და როცა ყოველდღიურად აქ უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობა, ორი კვირა არ ჩატარდება პარლამენტში პლენარული სხდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია გადაიდება ორი კვირა. ამ ხნის განმავლობაში კი გამორიცხული არ არის, ფორსირებულად მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატობის შესახებ, ჩაიაროს უკრაინის მატარებელმა და დავრჩეთ ასე მოტყუებული ჩვენს პლატფორმაზე," – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რეზოლუციას სხვა თემების გადასაფარად შემოტანილად მიიჩნევს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია:

"ამ პროცედურას ჩემი აზრით არ გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა. მე მგონი, ეს რეზოლუცია შემოტანილია იმისთვის, რომ უკრაინის ელჩის და ირაკლი ღარიბაშვილის ამბავი გადაიფაროს სხვა თემებით და როცა ამას მიიღებენ ერთ კვირაში, რაღაც მოხდება მანამდე. ჩემი აზრით ჩვენ ახლა უნდა გავყოლოდით სხვა ხაზს და რაღაცნაირად ყველანაირად მხარი უნდა დაგვეჭირა პრეზიდენტ ზელენსკისა და მის მიერ არჩეული გზისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რომ ჩვენც იგივე გზა გაგვეგრძელებინა, ამ ტალღაზე, როდესაც რაღაცები იხსნება ევროპაში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეზოლუციაში არსებული მოთხოვნები ეყრდნობა, როგორც მმართველი გუნდის ასევე ქართველი ხალხის პოზიციებს და ის სიახლეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ახლა შექმნილი სიტუაციის გამო ჩაითვალა, რომ პროცესების დაჩქარების დროა:

"რეზოლუციის პროექტი დაჩქარებული წესით იქნა შემუშავებული და არა დღეს. ამასთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო შემდეგი ნაცმოძრაობის ინიციატივა ეს არაა. მათი ზეწოლა ეს არ არის და საზოგადოების უდიდესი პატივისცემის დასტურთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ეს ზეწოლის შედეგი არ შეიძლება იყოს. ეს არის საქართველოს ინტერესი, რომელიც არაერთ ევროპულ საპარლამენტო რეზოლუციებში არის ასახული, მათ შორის რასაკვირველია საქართველოს ინიციატივით. ახალი არაფერი არაა, ეს ჩვენი პოზიციაა, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ შეიძლება დაჩქარებული წესით ამის განხილვა, ვინაიდან მდგომარეობა მართლაც რთულია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

"ევროკავშირში ინტეგრაცია არის არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, არამედ ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული და ცივილიზაციური არჩევანი და ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა რომ აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე.  ძალიან ძლიერი ჩანაწერებია ამ რეზოლუციაში, რომელიც ითვალისწინებს იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას რაც აუცილებელია პროცესის დაჩქარებისთვის. ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს და არ დაიშურებენ კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას იმისთვის, რომ აგრესორმა და ოკუპანტმა სახელმწიფომ შეასრულოს ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

დღის ამბები