23 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
გამოიღებს თუ არა რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების მე-2 რაუნდი შედეგს - ომის მე-7 დღე უკრაინაში 

კრემლის წარმომადგენლები უკვე ქალაქ გომელში იმყოფებიან, იქ, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. მასალას ბელარუსის მხარე ავრცელებს. უკრაინელები ადგილზე ჯერ არ ჩანან.

რუსული ინტერვენციის მსხვერპლი უკრაინა, მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა არა რუსული პირობებით. მათთვის კრემლის რიტორიკაც მიუღებელია და ულტიმატუმად აღიქმება. უკრაინული მხარის უპირობო მოთხოვნაა, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის ისტორიებზე საუბრისას ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ომშია ბავშვებთან და ახსენებს, რომ უკრაინა არ დანებდება.

დაიდება თუ არა, ისტორიული ზავი აღმოსავლეთ ევროპის კონტინენტზე, რომელიც ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, არავინ იცის. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ყირიმის და უკრაინის მხრიდან ნეიტრალურ სტატუს ითხოვს, რომელიც კონსტიტუციით იქნება გარანტირებული. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებები მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუკი უკრაინული მხარე ვლადიმერ პუტინის პირობებს დათანხმდება.

რუსეთი კი კვლავ იმუქრება, სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაც. იმუქრება ბირთვული შეიარაღებით. "ალჯაზირას" "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა ფრაგმენტი სერგეი ლავროვთან ინტერვიუდან: "მესამე მსოფლიო ომი იქნება ბირთვული და გამანადგურებელი,"- ეს რუსეთის პირველი დიპლომატის მთავარი გზავნილია.

ვრცელდება ინფორმაციაც, რომ 4 მარტს რუსეთის პარლამენტის ორივე პლატა საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. დუმის დეპუტატები, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი ექსპრეზიდენტს სპეცოპერაციისთვის ამზადებს. სავარაუდოდ, მოსკოვი მას ვოლოდიმირ ზელენსკის შემცვლელად განიხილავს.

მდინარე პრიპიატის მიმდებარედ, ომში ჩართული მხარეები 2 დღის წინაც შეიკრიბნენ. 5 საათიანი შეხვდრის ერთადერთი შედეგი კი, მხოლოდ ის იყო, რომ მეორე რაუნდი იქნებოდა. მაშინ როცა მხარეები დიალოგის მაგიდასთან ისხდნენ, რუსი ოკუპანტები ხარკოვს გრადის ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებით, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ.

მსოფლიო სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია. სანამ დიპლომატიური ხიდი გამოჩნდება, უკრაინელები რუსული აგრესიის სისასტიკეს, ერთიანი ძალებით ამ დრომდე ებრძვიან. მოსახლეობა დაბომბვის შიშით ცხოვრობს. უკრაინული მხარე, რომის პაპს მიმართავს და ჰუმანიტარულ დერეფნებზე ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს სთხოვს.

დღის ამბები