16 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
კურსანტები, 18 წლის წვევამდელები, ტრაქტორისტები, მასწავლებლები - ვის აგზავნის პუტინი ომში 

ვინ გაუშვა პუტინმა წინა ფრონტის ხაზზე - სამხედრო სასწავლებლის კურსანტები და 18 წლის წვევამდელები, რომლებმაც არ იციან სად არიან და რატომ მოხვდნენ "სამხედრო სწავლებებიდან" რეალურ ომში.

დღეს ერთ-ერთი რუსი ტყვე ნიკოლაევის სამხედრო ჰოსპიტალში გადაარჩინეს, მეორე რუსი სამხედრო კი კიევის საავადმყოფოში მკურნალობს - ყველა რუსი სამხედრო, რომელიც ტყვედ აიყვანეს, ამბობს, რომ მოატყუეს. ამტკიცებენ, რომ ოკუპანტი რუსეთის სამხედრო მეთაურობამ წვევამდელები უკრაინაში საომრად მოტყუებით წაიყვანა. თუმცა, ესეც ერთ-ერთი ტაქტიკა და აპრობირებული მეთოდია, რომ თუ სამხედრო ტყვედ ჩავარდება, მან რეალურად მიღებული ბრძანება არ უნდა გასცეს და ყველამ ერთი ისტორია მოყვეს.

ჯარისკაცების გარდა, რუსეთმა ომში იძულებით გაუშვა სკოლის მასწავლებლები, სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ხელოსნები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ტყვედ ჩავარდნილები უკრაინელებს უმტკიცებენ, რომ მათ ბრძოლა არ სურდათ, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთმა უკრაინულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი დივერსიული ჯგუფები გაუშვა. ისინი თითქმის ყველა ქალაქში იმყოფებიან. დივერსანტების გამოვლენას პოლიციასთან ერთად, მოქალაქეებიც ცდილობენ. დივერსიულ ჯგუფებს სხვადასხვა ტაქტიკა აქვთ - მათი ნაწილი ტყვიებს სათამაშოებშიც კი მალავს, ნაწილი უკრაინელი სამხედროების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას აგროვებს და რუსეთს აწვდის. მათი ნაწილი კი, ქუჩებში მოსახლეობას ცეცხლს უხსნის. მათ წინააღმდეგ პოლიციასთან, სამხედროებთან ერთად, მოქალაქეებიც იბრძვიან.

დივერსანტების მსგავსად, მთელი უკრაინა მოიცვა მარადიორობის ფაქტებმა. პოლიციამ და მოქალაქეებმა სხვადასხვა ქალაქში ასეულობით რუსი მძარცველი დააკავეს. მარადიორები ქურდავენ მაღაზიებს, ბანკებს, ბენზინგასამართ სადგურებს, მშვიდობიან მოსახლეობასთან შედიან სახლებში და ძარცვავენ.

უკრაინა რუს ოკუპანტ ტყვეებს საკვებს აძლევს. ხელისუფლება კი მათ დედებს მიმართავს და ეუბნება, რომ თუ შვილებს უკრაინაში პირადად ჩააკითხავენ, სახლში წაყვანის უფლებასაც მისცემენ.

დღის ამბები